ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიძე: “ჩვენ დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს“

სახალხო დამცველის განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე, სადაც ლომჯარია ამბობს, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი, საპარლამენტო უმცირესობაში ეხმაურებიან. როგორც “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცხადებს, სწორედ იმიტომ, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და ამ დრომდე არ მოხდა ობიექტური სიმართლის დადგენა, შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც მას ნათელს მოჰფენს.

„სახალხო დამცველის განცხადება მიანიშნებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით. ხვალიდან უკვე გვექნება სრული წვდომა საქმის მასალებთან. ჩვენ ასევე გვექნება მექანიზმი კონკრეტული, რომ დავიბაროთ ყველა თანამდებობის პირი. დაწყებული რიგითი გამომძიებლით, დამთავრებული მთავარი პროკურორით და შს მინისტრით, რომელთა მონაწილეობაც გამოიკვეთება ამ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....