ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ომბუდსმენის მხრიდან ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნის გამოტანა”- შსს მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნინო ლომჯარიას შეფასებას ეხმაურება, რომელიც ომბუდსმენმა გადაცემაში “პოლიტმეტრი” გააკეთა და აცხადებს, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანა ცოტა გაუგებარია.

„ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომელთაც პროცესის მონაწილეებზე რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს. ეს იქნებოდა ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენა. ყველაფერს შევისწავლით. თუ დამნაშავეები გამოვლინდებიან, დაისჯებიან. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ახალი, გარკვეული გარემოებები, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს.

კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თუ ასეთი პირები გამოვლინდებიან, ამას რეაგირება მოჰყვება. დეტალებზე არ ვისაუბრებ, ბევრი პირის დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას აუცილებლად 10 რიცხვამდე და შეიძლება უფრო ადრეც, მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.
თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას მთხოვთ, სააპელაციო სასამართლო დაადგენს, ვინ იყო მკვლელი, როგორ იყო ეს საქმე.

ჩვენ ამჟამად გამოძიებას იმ პირებზე ვაწარმოებთ, რომელთაც შესაძლოა, პროცესის მონაწილეებზე გავლენა მოეხდინათ. ამ საქმეს თავიდანვე აქტიურად ვიძიებდით მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ, არ თანამშრომლობდნენ და ა.შ. შესაბამისი გამოძიება ჩავატარეთ და ახლა ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. გამოძიების ფარგლებში ვინც საჭირო იქნება, ყველა დაიკითხება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, “ხორავას ქუჩის საქმეში” გარკვეული გავლენები და გამოძიების პროცესში არასწორი ჩარევები იკვეთება. მისი თქმით, ნაწილობრივ არაპროფესიონალიზმსაც აქვს ადგილი. მისი ვარაუდები გამოძიების იმ მასალებს ეყრდნობა, რასაც ომბუდსმენის ოფისი შინაგან საქმეთა სამინისტროში ეცნობა.

იტვირთბა....