ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “ხორავას ქუჩის საქმეში ფინანსური გავლენისა და ძალაუფლების მქონე პირებიც არიან გარეული”

ნინო ლომჯარიამ  6 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში”განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმის მასალების ნაწილის შესწავლის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მომხდარში ფინანსური გავლენის, ფორმალური და არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირებიც არიან გარეულნი.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგნელებს საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ შსს-ში შეუძლიათ, თუმცა 11-ტომიანი დოკუმენტებიდან ყველა შესწავლილი ჯერ არ აქვთ, უკვე იკვეთება ისეთი სახელები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში არ გახმიანებულა. მასალები ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

“არა, ბიძინა ივანიშვილის დონემდე არ მიგულისხმია, როცა ვსაუბრობდი ფინანსურ გავლენებზე, თუმცა, ვნახოთ. არსებობს ეჭვები, რომ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ფინანსური გავლენა და მათი სურვილები და მოტივები შეიძლება თანხვედრაში იყოს უკვე გაჟღერებულ პირებთან [მირზა სუბელიანი]. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ინტერესის თანხვედრა იყო. აქ არ არის მხოლოდ მირზა სუბელიანზე საუბარი, საუბარია რამდენიმე მხარეზე, სადაც სხვადასხვა გავლენის მქონდე ადამიანი სხვადასხვა ფორმით არის ჩართული. მათ შორის არა მხოლოდ ბრალდებულების ოჯახები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც ბრალი არ აქვთ წაყენებული და რომლებიც მოწმეების სახით არიან თუნდაც,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გამოძიების მასალების გაცნობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამის მიზეზად გამოძიების უხარისხოდ წარმართვისა და მიზანმიმართული ზედაპირულობის ფაქტებს ასახელებს.

“ეს ეხება ისეთ საკითხებს, რაც დაკავშირებულია გარკვეული საგამოძიები მოქმედებების ჩაუტარებლობასთან, რისი განხორციელებაც საჭირო იყო. გარკვეული მასალებისა და მტკიცებულების ამოუღებლობასთან, მტკიცებულებების არასათანადოდ “ჩაკერებასთან” ან ამოღებასთან, ასევე, გარკვეულ ჩვენებებთან, რომელიც იძლეოდა განგაშის საშუალებას და ამ მიმართულებით ან ზედაპირული იყო დაკითხვა, ან საერთოდ არ წარიმართა გამოძიება,” – დასძინა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, მიუხედავად მისი დიდი როლისა,  იქაც პოლიტკოსები არიან და პოლიტიოკოების მიერ ჩატარებული გამოძიებას ნაკლებად ენდობა.

“თუ ეს საქმე იქნება გამოძიებული, ეს შეცვლის სისტემას იმიტომ, რომ ხელისგულზე დაგვანახებს არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებიბისა და სასამართლოს ხარვეზებს, არამედ ისეთი სისტემურ პრობლემებს, როგორიც გვაქვს თუნდაც საგანმანათლებლო სივრცეში. მათ შორის, დაწყებული სკოლიდან, სადაც ხდებოდა ბულინგი და რომლის ნაწილიც საქმეში ჯერ კიდევ შეუსწავლელია,” – განმარტავს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს  მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

იტვირთბა....