აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აფხაზეთი, ცხინვალი – აღიარება №5

სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის „აღიარების“ პროცესი გრძელდება. სირია მეხუთე აღმოჩნდა, ვინც  საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა სცნო. შეჩერდება თუ არა აღიარებების სერია ჩვენთვის სიმბოლურ „5“ რიცხვზე, თუ გაგრძელდება, ცალსახა პასუხი უკვე აღარავის არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ სირიის შემდეგ აღიარებების ე.წ. „დომინოს ეფექტს“ არ უნდა ველოდოთ. ნატო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ამჟამად კი უკრაინაში აშშ-ს სპეცწარმომადგენელი კურტ ვოლკერი კი აცხდებს, რომ ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ  აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.

რაოდენ სამწუხაროც, არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, ამერიკელი დიპლომატის უფრო მჯერა, ვიდრე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსი, და არა იმიტომ რომ ის ამერიკელია, არამედ იმიტომ, რომ ამ საკითხზე მისი ხედვა გაცილებით უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი საგარეო უწყების მტკიცება, რომ აღიარების პროცესი ამაზე გაჩერდება.

თავის მართლება, რომ  საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრილი  ბაშარ ასადის სირიაზე   რუსეთს უფრო მეტი გავლენა ჰქონდა ვიდრე საქართველოს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობას უფრო წააგავს. თუმცა, ისიც მწარე რეალობაა, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, არც ისე დიდი შესაძლებლობები და გავლენები აქვს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის არაბულ სამყაროში.

სოხუმში კი აცხადებენ, რომ სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებისათვის დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ სირიაში  დაახლოებით 12,000 -იანი აფხაზური დიასპორა (ე.წ. მოჰაჯირთა შთამომავლობა) ცხოვრობს და მათი არაერთი წარმომადგენელი საკმაოდ  ცნობილი და გავლენიანია სხვადახვა სფეროში. მათმა კავშირებმა და გავლენებმაც დიდი ალბათობით თავის წვლილი შეიტანეს „აღიარების“ საქმეში. თორემ, ყველა კარგად ხვდება, რომ ომით და შიდა პრობლემებით  გათანგულ სირიისათვის,  ცხინვალის და აფხაზეთის აღიარება ნამდვილად არ წარმოადგენდა საშურ და პრიორიტეტულ ამოცანას, მითუმეტეს, კარგად უწყოდნენ ამით საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკას დაიმსახურებდნენ და საკუთარ მძიმე მდგომარეობას საერთაშორისო არენაზე, კიდევ უფრო გაიუარესებდნენ.  რუსეთის როლი ამ აღიარებაში იმდენად ცალსახაა, რომ თავადაც კი აღარ მალავენ. რა თქმა უნდა, ბჟუტავს მცირე იმედი იმისა, რომ თუ  ასადის რეჟიმი აშშ-ს მხარდაჭერილმა „ზომიერმა ოპოზიციამ“  შეცვალა,  მის მიერ აფხაზეთის აღიარებაც გადაიხედოს

ნიშანდობლივია, რომ  სირიის მიერ  ჩვენი სეპარატისტული რეგიონების „აღიარებამდე,“  აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო რაუნდზე, გრიგორი კარასინმა სრულიად გამიზნულად დაარღვია ფორმატის ჩარჩო, რომელიც ეკონომიკურ-ჰუმანიტარული საკითხებით არის შემოფარგლული, და პოლიტიკური განცხადება-გაფრთხილება გააკეთა რუსეთის „ღრმა შეშფოთებაზე“ საქართველო-ნატოს „მზარდი თანამშრომლობის“ გამო.  ნატოს სამიტი, ივლისშია და არის მოლოდინი საქართველო კიდევ ერთი პატარა ნაბიჯით წასწიონ წინ ალიანში ინტეგრაციისაკენ, რაც რუსეთს ბუნებრივია არ სურს.

რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში საქართველომ?!  წარმოვიდგინოთ, რომ არ გვყავს „სტრატეგიული პარტნიორები,“ არ გვეიმედება ვიღაცის „ძლიერი ხელის“ და რომ იტყვიან, საკუთარი შესაძლებლობების ამარა ვართ დარჩენილი.  პირველ  რიგში ალბათ იმ ქვეყნების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, სადაც სხვებთან  შედარებით მაღალია ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების რისკი. ამის შემდეგ კი გამოვიყენოთ ყველა ის ბერკეტი, რაც გაგვაჩნია რომ მათ ამ განზრახვაზე ხელი ავაღებინოთ, თუკი ეს შესაძლებელია.

არც ის არის გამორიცხული, რომ ცალკეულმა ქვეყნება ცხინვალი და აფხაზეთი აღიარონ რუსეთის ზეწოლის გარეშეც, საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე.  ძლიერი და გავლენიანი აფხაზური და ჩერქეზული დიასპორა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს  სხვადასხვა სახელმწიფოში. სეპარატისტული რეგიონების აღიარების მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც დე-ფაქტი დამოუკიდებლობა და შემდეგ საერთაშორისო აღიარება ჯერ შეიარაღებული ბრძოლით შემდეგ კი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე თამაშით მოიპოვეს.

სეპარატისტული რეგიონების აღიარება-არაღიარება, რომ „დიდი პოლიტიკური თამაშების“ შედეგი გახდა, უკვე აღარავინ დავობს. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა აღნიშნავს, რომ არა აშშ-ს ინიციატივით წამოწყებული კოსოვოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება დასავლური სამყაროს მიერ, დიდი ალბათობით ვერც რუსეთი გაბედავდა 2008 წელს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას.

სამწუხაროდ, გლობალიზებად სამყაროში საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიულ მთლიანობასთან არსებული ხისტი მიდგომებიც ნელ-ნელა იცვლება, უპირველეს ყოვლისა პატარა და სუსტ სახელმწიფოებებთან მიმართებაში. უფრო ტოლერანტული ხდება მიდგომებიც მათ მიმართ. 2018 წლის 7 ივლისამდე ლონდონმა ფეხბურთის დამოუკიდებელ  ასოციაციათა კონფედერაციის  (www.conifa.org) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც აფხაზეთის გუნდთან ერთად, ტუვალუს, ჩრდ. კვიპროსის, ტიბეტისა და სხვა არაღიარებული (სეპარატისტული) ტერიტორიების გუნდები მონაწილეობდნენ. CONIFA-2016 კი სულაც სოხუმში გაიმართა.

თავად აფხაზები (რა თქმა უნდა მოსკოვის ჩუმი თანხმობით) აქტიურად მუშაობენ სხვა, მათ შორის არაბულ ქვეყნებთან, ურთიერთობების გამყარებაზე. ცოტა ხნის წინ, სოხუმს იორდანიის სამეფოს სავაჭრო პალატისა და ასევე იქაური ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლობითი დელეგაცია და  ესტუმრა და აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრ“ გენადი გაგულიასთან აფხაზეთში საინვესტიციო პროექტები და მათი დაცვის მექანიზმები განიხილეს.  საგულისხმოა, რომ აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური შეთანხმება ჯერ კიდევ 2011 წელს გაფორმდა.

როგორც გამოკითხვები აჩვენებენ, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და პერმანენტულ შიდაპოლიტიკურ დაპირისიპირებებში ჩაფლულ საქართველოს საზოგადოებას, სულ უფრო ნაკლებად აღელვებს მისგან მოგლეჯილი ტერიტორიების ბედი. ქვეყნის და ერის პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ, კარგა ხანია რაც მესამე-მეოთხე ადგილებზე ჩამოინაცვლა.

ზაალ  ანჯაფარიძე

იტვირთბა....