შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტატუნაშვილს 100-მდე სხვადასხვა ხარისხისა და სიმძიმის დაზიანება აღენიშნება, რაც უკვე ადასტურებს იმას, რომ ტატუნაშვილის მიმართ გამოყენებულია მიზანმიმართულად ძალა – მის მიმართ ჰქონდა ადგილი არაადამიანურ მოპყრობას და ეს გამოძიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, ეს ფაქტორი გამოძიების მსვლელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში საერთაშორისო ექსპერტიც უნდა ჩაერთოს.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხვალ ერგნეთის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
“ჩვენ ხვალ გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი. ეს საკითხი აუცილებლად გაგრძელდება ხვალაც და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა