საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა “მეტრონომთან” საუბრისას მეტროს მემანქანეების გაიფცვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანების სახელფასო პოლიტიკა უნდა გაიზარდოს იმ მიმართულებით, რომ გაეზარდოთ ხელფასები იმათ, ვისაც უფრო დაბალი აქვთ.
“მე, ჩვენს პარტიას მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოლაპარაკების მიზნით უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება ხელფასების გაზრდას – ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება, რომ საბიუჯეტო სექტორში სახელფასო პოლიტიკა უნდა იქნას გადახედილი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ შეიძლება გელაპარაკოთ. არა მხოლოდ მემანქანეებს, არამედ ზოგადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანების სახელფასო პოლიტიკა უნდა გაიზარდოს იმ მიმართულებით, რომ გაეზარდოთ ხელფასები იმათ, ვისაც უფრო დაბალი აქვთ. ამის თაობაზე ჩვენ წინადადებას წარვადგენთ. ამ შემთხვევაში, გუშინ დაიწყო მოლაპარაკებები მერიასთან და იმედი მაქვს, რომ საკითხი სწორედ მოლაპარაკებით გადაიჭრება. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები ორი დღეა უკვე გაფიცულები არიან და შესაბამისად, მეტრო გაჩერებულია. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამუშაო პირობები და ანაზღაურება შეუსაბამოა. მემანქანეებსა და თბილისის მერს შორის გუშინ შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება მეტროს მუშაობა. ამ ეტაპზე ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია.