კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მოკლული მოსწავლის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გატაცების იმიტაცია იგეგმება.
“ჩემამდე მოვიდა ხმები და ვიცი, რომ რაღაცა პატარა ჯგუფი მუშაობს პანკისელებთან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ზაზა სარალიძის გატაცების იმიტაცია და ეს ყველაფერი დაბრალდეს პანკისის მაცხოვრებლებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “აიპრესთან”.
მისივე თქმით, მაჩალიკაშვილს დესტაბილიზაციისთვის იყენებენ.
“და ვინმე ფიქრობს, რომ პანკისელები ამას დათანხმდებიან? რომ თანხმდებოდნენ, მე მეცოდინებოდა, ბუნებრივია არ თანხმდებიან. მარგინალი ყველგან გამოჩნდება, პანკისელი იყოს ან თბილისელი. არ არის გამორიცხული რომ ვიღაც ადამიანები ამ საქმეში გამოიყენონ. იმისთვის რომ აწიონ ვნებათაღელვა მიტინგზე, და იმისთვის რომ რაღაც რაოდენობის ხალხი შეაგროვონ რამდენიმე ათეული ათასი. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პანკისელებთან არაფერი გამოუვათ. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ამას სერიოზულად გეგმავდნენ. სარალიძე იქნება თუ მიტინგის სხვა მონაწილე, მე მოვუწოდებდი დაფიქრდნენ ამაზე და არ აყვნენ მსგავს პროვოკაციას.
მე მაქსიმალურად მინდა, რომ ქისტებს არაფერი შეეხოთ. იმიტომ რომ ეს არის ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც ძალიან კარგად არჩევენ ყველაფერს” – აცხადებს მამუკა არეშიძე,
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, შსს-მ ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასმა შესთავაზა. “არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს”, – ნათქვამი იყო შსს-ს განცხადებაში.
ipress.ge