ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალაძე: “წულუკიანის პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიუღებელია”

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი.

მისი თქმით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მხოლოდ იმ პირობით ჩაერთვებიან, თუ იუსტიციის მინისტრის პოზიციას სხვა ადამიანი დაიკავებს.

„როდესაც ვლაპარაკობთ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე, შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყოთ. მაგალითად: სწორედ იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა. ყველა წინა პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. არ არსებობს გარანტია, რომ ახლანდელი პროცესი რაიმე ფორმით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე იყო წინა რომელიმე. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა იმ მთავარი პროკურორების ბედი და რა მოვლენებს უკავშირდებოდა მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან გადადგომა ან გათავისუფლება.

სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც გასული კვირის მოვლენების ფონზე, ბატონი პრემიერი საუბრობდა, რომ ის მზად არის პროცესის ღიაობა და ჩართულობა უზრუნველყოს, ჩვენი მხრიდან არის ასეთი პირობა: მზად ვართ, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესის ხელმძღვანელობას განახორციელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

იტვირთბა....