საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს.
„ჩვენთვის არანაირი თამასა და თანამდებობის პირების ზღვარი არ არსებობს. პირველ რიგში სისხლის სამართლის საქმეს შევისწავლით, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილშია. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე სავალდებულო ახსნა-განმარტება გააკეთოს.
ამ დროისთვის შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ. კომისიის სხდომები საჯარო იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო საიდუმლოებაზე იქნება აუცილებელია კითხვების დასმა”, – განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.