კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აღშფოთება გასაგებია და ხანდახან ემოციურ ფონზე საუბრობს.
“არაფერი განსაკუთრებული პანკისში არ ხდება. მალხაზ მაჩალიკაშვილის აღშფოთება აგსაგებია, რადგან აქამდე ვერ მიიღო გასაგები პასუხები. თუმცა, მე ვთვლი, რომ ასეთი პასუხი არსებობს და მაჩალიკაშვილს ეს პასუხი უნდა მიეღო. თუმცა, გაუგებარია მისი განცხადება მუსლიმობასთან დაკავშირებით. ვინ ვინ და დღევანდელ მთავრობას.. მე არ ვთვლი, რომ მუსლიმანობის გამო საქართველოში ვინმე იჩაგრება. ეს არის ხელოვნურად შექმნილი აზრი.
რაც შეეხება თავის აფეთქებას, ეს განცხადება, ვფიქრობ, ემოციური იყო. ასეთი განწყობა შეიძლება, ადამიანების პატარა ჯგუფშია, მაგრამ ზოგადად, პანკისში ასეთი ვითარება არაა. სუს-ი არაფერს არ გეგმავს საერთოდ. რამდენადაც მე ვხედავ, ყველა ორიენტირებულია, რომ როგორმე საზოგადოებას მოვლენებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხი გასცეს”, – აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის და მისი თანამოაზრეების ნაწილი სუს-ის შენობაში აპირებდნენ თავის აფეთქებას, მაგრამ ზაზა სარალიძის გამო გადაიფიქრეს.
გარდა ამისა, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მუსლიმანობის გამო არ მიიწვეს. საბოლოოდ, გუშინ პრემიერი მალხაზ მაჩალიკაშვილს მაინც შეხვდა და მას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას დაპირდა.