მეტროს მემანქანეები სახალხო დამცველის წარმომადგნელთან შეხვედრას მოითხოვდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა. მისი განცხადებით, სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. თოდუას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეეზღუდათ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება, არის საზიანო და საშიში პრეცედენტი. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ მემანქანეებს არ დაურღვევიათ კანონი, რადგან მათ გაფიცვა დაიწყეს არასამუშაო საათებში. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.
„ჩვენთვის საინტერესო იყო, შეგვეფასებინა, რანდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს დღევანდელი მოვლენები. მათ გაფიცვა დაიწყეს სწორედ დასვენების დროის განმავლობაში, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებშია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვთ დასაქმებულებს და ამ უფლების რეალიზაციის ძირითადი არსი არის ის, რომ დამსაქმებელზე რაც შეიძლება დიდი წნეხი განხორციელდეს და მას მიადგეს ზარალიც კი სამუშაოს შეუსრულებლობით, რათა დასაქმებულებმა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლმა, თათული თოდუამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.