მეტროს გაფიცული მემანქანეები მზად არიან მოლაპარაკებების გზით, თბილისის მერიასთან კონკრეტულ შედეგამდე მივიდნენ. თუმცა „ერთობა 2013″-ის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებები გაფიცვის პარალელურად გაიმართება. ამასთან მემანქანეები ამბობენ, რომ შემოთავაზება უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა კამყოფილი იყოს . მათი თქმით, ასეთი შემოთავაზების შემთხვევაში, ჩატარდება ყრილობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ერთობა 2013″-ის წევრები მოითხოვენ, რომ მანამდე ის ბარიკადი, რომლის გამოც სამუშაო ტერიტორიაზე ვერ შედიან, იყოს მოხსნილი.
„ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ღირსეული ანაზღაურებისთვის, ეს არის ძირითადი მოთხოვნა და ვრჩებით ამ მოთხოვნის ირგვლივ. რაც შეეხება უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას, ბექა ნაცვლიშვილი და ოთარ გრიგოლია ცდილობენ, როგორმე მოვნახოთ საერთო ენა და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზეც მზაობა განვაცხადეთ. მოლაპარაკებებს არასდროს გავურბივართ და ყოველთვის მზად ვართ. მათი ხისტი განცხადებების გამო მოხდა მეტროს გაჩერება და დღეს კიდევ ერთხელ ცალსახად ვთქვით, რომ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ. მათ დაგვპირდნენ დახმარებას იმ კუთხით , რომ მივლენ მეორე მხარესთან და როგორმე მიიტანენ ის პრობლემებს ზემოთ, რის შესახებაც არ იცოდნენ და შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებების ფორმატი. ჩვენ ველოდებით შემოთავაზებებს და თუ იქნება შესაბამისი შემოთავაზებები, მზად ვართ განვიხილოთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას-“ განაცხადა „ერთობა 2013″-ის გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია.