ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერიის პოზიცია ხისტი იყო”: ნაცვლიშვილი კალაძეს მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო აკრიტიკებს

“თბილისის მერიის პოზიცია ხისტი იყო”- ამ განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი თბილისის მერის მიერ მეტროს მემანქანეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ნაცვლიშვილის განმარტებით, მერიას არ შეუძლია იმის თქმა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და ხელფასების მატებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ არის სწორი. დეპუტატის თქმით, მემანქანეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. მისივე თქმით, თუ მერიას საკმარისი თანხა არ აქვს, მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზარდოს.

ბექა ნაცვლიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ. ნაცვლიშვილის განცხადებით, მემანქანეებს სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეუზღუდა. კალაძემ მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, დღეს დილას მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაიფიცნენ და მეტრო არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლების თქმით, მათ ყველა გზა სცადეს საკუთარი მოთხოვნების დასაყენებლად, ბოლოს კი იძულებული გახდნენ გაფიცულიყვნენ.

„ჩემი ცხოვრების ნახევარს მიწაში ვატარებთ, როგორც შახტიორები ისეთ მდგომარეობაში ვართ, ასე არ შეიძლება უნდა მიხვდეს ადამიანი, ის ახლა ხალხთან ერთად უნდა იდგეს ასე არ ეიძლება“-ამბობს მეტროპოლიტენის თანამშრომელი ნანა გეწაძე.

მეტროს მემანქანეების უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს მემანქანეებს, კომპანიასა და მერიას შორის.

“სხვა არჩევანი დამსაქმებელს არ აქვს. დედაქალაქის მერია უნდა აცნობიერებდეს და იცოდეს რა არის გაფიცვის უფლება. გაფიცვის დროს ამგვარი მოქმედება არის კანონით დაცული”-ამბობს ღვინიანიძე.

იტვირთბა....