ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაანონსებული აქცია: მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველებს ადმინისტრაციის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

არსებული ინფორმაციით, აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ” მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 14:00 საათზე უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ,  სწორედ დაანონსებულ აქციას უკავშირდება პოლიციის მობილიზებაც.

გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.

ოთხი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....