ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “პროკურატურა დაშორდა ხალხს და ამ უწყებაში ძირეული ცვლილებები არის ჩასატარებელი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა დაშორდა ხალხს და ამ უწყებაში ძირეული ცვლილებები არის ჩასატარებელი.

დეპუტატის თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქვეყანა 2012 წლის მოცემულობას უბრუნდება, როდესაც მთავარი საზრუნავია სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პარალამენტი ვერ ახორციელებს სათანადო ზედამხედველობას სამართალდამცველ სტრუქტურებზე.

„ყველამ ვიცით, რაც ხდება გარეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენი მხრიდან არ ხდება სათანადო რეაგირება. ეს ინიციატივა უფრო გადაცემულია ე.წ. ოპოზიციური პარტიებისთვის. ადამიანი, რეალურად ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას და მე ვერ ვხედავ, რომ პარლამენტი იყოს ამაში აქტიურად ჩართული. ვფიქრობ, ზოგადად სახელმწიფოში ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობა გამოვლინდა, რომ ხალხში არასამართლიანობის საკმაოდ დიდი განცდაა.

„ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელს განპირობებული იყო იმ დაპირებით, რომ ჩვენ მოვახერხებდით სამართლიანობის აღდგენას. სამწუხაროდ, პროკურატურაში, სასამართლოში იმ ადამიანების დატოვებამ, რომლებიც თავის დროზე დანაშაულებს ჩადიოდნენ, ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა დღევანდელი მდგომარეობის ჩამოყალიბებაში. პარლამენტშიც გარკვეული მიმართულება, რომელიც არსებობს და რომელიც პრაქტიკულად უნდა აკონტროლებდეს, ამას თავს ვერ ართმევს.

მიღებული კანონმდებლობებიც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წვერებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, რომ ქვეყანაში შემოვიტანოთ ის სტაბილურობის განცდა, რომლის გულისთვისაც ჩვენ ვიყავით არჩეული. ჩვენი მანდატის ხანგრძლივობა ზუსტად განპირობებული იქნება იმით, რამდენად შევძლებთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. რასაც მე დღითიდღე ვუყურებ, ჩვენ რეალობას ვცილდებით და ვერ ვახერხებთ საზოგადოების განწყობების ასახვას. უმრავლესობა პასუხისმგებელია ქვეყნის სტაბილურობაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე. 2016 წლიდან ჩვენი ძირითადი გამოწვევა უნდა ყოფილიყო ეკონომიკური გამოწვევები. სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენ ისევ 2012 წლის მოცემულობას ვუბრუნდებდით და ისევ საზრუნავი გვაქვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, სადაც არსებობს სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....