მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტი აცხადებს, რომ გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. ადვოკატის თქმით, ამ კუთხით ისინიც აპირებენ თავის დაცვას და საჩივრის შეტანას:
“იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების მიმართ შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი ქმედება გატარდეს, თითქოს იმ ლოგიკით, რომ გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას, რადგან გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც საუბრობს ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე. ჩვენც ვაპირებთ ამ კუთხით თავის დაცვას”, – განაცხადა ბექა ბადრიშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მემანქანეთა გაფიცვის თაობაზე იყო მიღებული, რომ მათ მხოლოდ არასამუშაო საათებში შეეძლოთ გაფიცვა, სამართლებრივ ლოგიკას აცდენილია.
“სასამართლომ ამ ხალხს უთხრა, რომ სამუშაოსგან თავისუფალ საათებში შეუძლიათ გაიფიცონ. ხაზგასმით მინდა ყველამ იცოდეთ, ამ ადამიანებმა გაფიცვა გუშინ დაიწყეს, 15:00 საათზე, სამუშაოსგან თავისუფალ დროს. ამიტომ, ეს მეტყველებს, რომ ეს განჩინება არის სრულიად წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელი. ამათი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენო იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი კანონს არღვევს”, – განაცხადა ბადრიშვილმა.
მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ განცხადება თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს დილით გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მეტროპოლიტენი არ მუშაობს, რადგანაც მემანქანეები გაიფიცნენ და ხელფასის გაზრდას ითხოვენ.