ბოლო დღეებში, რუსთაველის მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ კომენტარი გააკეთა. პოლიტოლოგი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად, ხელისუფლებამ პოლიტიკურად გონივრული ქმედებები უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახერხებდა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოების განწყობისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგა.
თუმცა პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მსგავსი კრიზისი ამ ხელისუფლებას, რაც ახლა ხდება, ჯერ არ ჰქონია. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში, მხოლოდ ბოდიში და პრემიერის აქციაზე მისვლა საკმარისი არ აღმოჩნდა, როგორც ეს „თეთრი ხმაურის“ მიერ გამართულ აქციაზე მოხდა. ანალიტიკოსის განცახდებით, ხელისუფლებამ შოთაძის გადაყენებით იფიქრა, რომ სიტუაციის განმუხტვას მარტივად შეძლებდა, რამაც არ გაამართლა. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ მთავრობას ბევრი კარგი არჩევანის საშუალება აქვს.
„ახლა ამ სიტუაციიდან გამოსავლის რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. მას შეუძლია კიდევ ერთ დათმობაზე წავიდეს და მაგალითად, თეა წულუკიანი გადააყენოს. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ამ აქციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მეტი სარგებლის ნახვას შეეცდება. წულუკიანის გადაყენების შემთხვევაში, ის მხოლოდ ამას არ დასჯერდება და მეტის წაღებას მოინდომებს.
თუმცა ხელისუფლებას კიდევ ერთი არჩევანი აქვს, რომ არ მიაქციოს ყუარდღება აქციას, როგორც ამას სააკაშვილი 2010 წელს აკეთებდა და დაღლილი ხალხის სახლში წასვლას დაელოდოს. არ არის გამორიცხული ამ ტაქტიკასაც მიმართოს და თუ აქცია საერთოდ უშედეგოდ დამთავრდა, ხელისუფლებას მუდმივად გამარჯვებულის სინდრომი გაუჩნდება, რაც მას უფრო მეტ შეცდომას დააშვებინებს“,-განაცხადა ლაგაზიძემ “მეტრონომთან” საუბარში.
პოლიტოლოგი ხელისუფლებას ურჩევს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს სრულიად დამოუკიდებელი მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის კანდიდატურები, რითაც სიტუაციის ცოტა ხნით ჩაცხრობას შეძლებს. მისი აზრით, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხელმძღვანელები შეიცვლებიან და გამოძიების მიმართ მეტი ნდობა გაჩნდება.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სიტუაციიდან გამოსვლა ხელისუფლების პოლიტიკურ მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება კვირიკაშვილის აქციაზე მისვლას, ლაგაზიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა გაეთვალა როგორ აუდიტორიასთან ჰქონდა შეხება და კვირიკაშვილის ნდობის მანდატი როგორი იყო.
“სრული შეცდომა იყო კონტრაქციის დაორგანიზება ვაკის პარკში. რომ არა ეს აქცია, რუსთაველზე „ნაციონალების“ აქცია თავისი სვლით მიინავლებოდა და ჩაქრებოდა. კონტრაქციამ სიტუაცია განეიტრალების ნაცვლად დაძაბა.
და რაც მთავარია, ვისაც ქვეყნის დაქცევა არ აქვს დავალებული – გაუფრთხილდით ზაზა სარალიძეს, თორემ ქვეყანას თავზე დაგვექცევა”,-განაცხადა ლაგაზიძემ “მეტრონომთან”.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.