ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ”: კალაძე მეტროს თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურება

დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, დღეს მეტროსადგურები რომ არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

„როგორც მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონ ნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო.” – აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

“მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას”. – ამბობს დედაქალაქის მერი.

მისი თქმით, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, საუბარია ავტობუსებზე, მოსახლეობას მოემსახურება უფასოდ.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, კერძოდ მემანქანები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.

იტვირთბა....