მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ 4 ივნის დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება გაავრცელა. კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს, რომ თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
“მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების მხრიდან გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების პარალიზება.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“, – წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.