ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა

„ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ სამართლიანობა აღდგეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი დამიდგება გვერდით, თუ ჩემნაირი გლეხი. დღეს ვნახავ, რამდენი ადამიანი მოვა აქ და რამდენს შესტკივა მოკლულ ბავშვებზე გული. ვინც ამბობდა, „შორს პოლიტიკა ამ მოვლენებისგან!“ მოვიდეს და დადგეს აქ“ – მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში შეკრებილებს.

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დაიწყო. აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მკვლელობების საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნა პოლიტიკური ინტერესების გარეშე უნდა ხდებოდეს.

მათ შეუერთდა ზაზა სარალიძეც. მან შეკრებილებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. აქციის მონაწილეებმა მას მოუწოდეს, ნუ დაიყენებს პოლიტიკოსებს გვერდით. მათივე თქმით, მიმდინარე აქციის ტრიბუნაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მიიღებენ.

დღესვე, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....