ამ წუთებში დაძაბულობაა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. ზაზა სარალძის თქმით, შინაგან აქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას “გაქრობას” გეგმავს. ამსი შემდეგ სიტუაცია აქციაზე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სარალიზე და კუპრავა თეთრ კარავში გადაიყვანეს და იქ არავის უშვებენ.
” მივიღე ინფორმაცია, რომ გახარიას უწყება აპირებს კუპრავას გაქრობას. დამიდექით გვერდით, დღეს ყველანაირ პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება. ძირს ხელისუფლება, ან თქვენთან ერთად ან მარტო. თავს მივაკლავ და ბოლომდე გავიტან ამ საქმეს” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.