სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემო ძვირფასო ქართველებო!
ექვსი თვეა გულმოკლული ვადევნებ სარალიძეების ოჯახის ტრაგედიას თვალს. ექვსი თვეა აღარ მახსოვს პირადი გასაჭირი და ეს საკანი კიდევ უფრო პატარად და გაუსაძლისად მეჩვენება. უსამართლობის გრძნობა მახრჩობს და უსუსურობის განცდა მეუფლებოდა.
ეს ორი დღეა მე ისევ თვალცრემლიანი ვადევნებ პროცესებს თვალყურს, მაგრამ ცრემლი ამჯერად სიამაყისაა. პირველად ამ თვეების განმავლობაში ვიგრძენი რომ ამაყი ვარ საკუთარი ხალხით, ჩემი ქართველებით.
ერთის მხრივ მიჭირს ვუყურო შვილმკვდარ, გაუბედურებულ გმირ მამას, ზაზა სარალიძეს, ხოლო მეორეს მხრივ ამაყი ვარ იმით რომ ის მარტო არ დგას! ამაყი ვარ ჩემი მეგობრებით რომლებიც მას არ ტოვებენ, რომლებიც მას გვერდში უდგანან და ვიცი არასოდეს დატოვებენ მარტო!
ექვსი წელია ქვეყანა კრიმინალის, უსამართლობის, სიღარიბისა და განუკითხაობის მორევშია ჩართული. ექვსი თვეა ყველა ეს განსაცდელი ერთ ქართულ ოჯახს დაატყდა და ხელისუფლება ცინიკურად, გულგრილად და უგულოდ პასუხობს სამართლის მაძიებელ ოჯახს! მაგრამ გუშინ ხელისუფლება საქართველოში დასრულდა, იგი ხელში აიღო ქართველმა ხალხმა, რომელიც გახდება სამართლის აღმსრულებელი და შემოქმედი ახალ, გაბრწყინებულ საქართველოში.
მე თქვენთან ვარ სულიერად და პირობას გაძლევთ თქვენს გვერდში ვიქნები ფიზიკურადაც, ძალიან მალე, იმაზე ადრე ვიდრე ეს მავანს ჰგონია!
ზაზა გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ! “, -ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო
ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.