ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დადუნაშილის მამას სიტყვა შეაწყვეტინეს: “მე რევოლუცია არ მაწყობს, მინდა ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს” (ვიდეო)

აქციაზე #ნუმომკლავ ლევან დადუნაშვილის მამა მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მან ზაზა სარალიძეს თანადგომა გამოუცხადა.

 

“მე ამ ქვეყანაში ამ კანონებით ვცხოვრობ. რევოლუცია მე არ მაწყობს, მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი. ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს, არის გასავლელი ინსტანციები, სადაც საღი აზით უნდა დავჯდეთ და ყველაფერი ისე უნდა გაიშიფროს, როგორც შენსა და ჩემს გულს გაუხარდება. თუ კითხვები დაგვრჩება ამის მერე, მე შენს გვერდით ვიქნები და შენს გვერდით ვარ ყოველთვის. მე გამოძიებით კმაყოფილი არ ვარ. კიტხვები თუ მაქვს იმ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, რომელშიც ვცხოვრობ”, – განაცხადა დადუნაშვილის მამამ.

მოკლული ლევანდ ადუნაშვილის მამის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს სტვენა და უკმაყოფილება მოყვა აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო

ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....