ზაზა სარალიძემ “ტვ პირველთან” საუბარში ზვიად კუპრავაზე გააკეთა კომენტარი და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კუპრავა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
“2017 წლის პირველ დეკემბერს, როცა ჩემი შვილი დაჩეხეს და მეორე დღეს სული დალია ზვიად კუპრავა მოვიდა ჩემთან ოჯახში და მითხრა თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე ამ საქმეს ჩემებურად გამოვიძიებო. ზვიად კუპრავა არის ჩემი მეგობარი ხალხნო, ჩემი ძმაკაცი, ოჯახის ახლობელი. ადამიანმა დახმარება შემომთავაზა უარი მეთქვა? ზვიად კუპრავას რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს ჩემი პრობლემა ხომ არ არის? საარჩევნო უბანზე ვის შემოხაზავს, ეს მე რაში მაინტერესებს? ზვიად კუპრავა რომ არ ყოფილიყო, ამ საქმეს ფარდა არ აეხდებოდა”, – განაცხადა სსარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი აქციაზე #ნუმომკლავ მისვლისგან თავს იკავებს, რადგან იქ ზვიად კუპრავა დგას და მიაჩნიათ, რომ კუპრავა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო
ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.