ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუს-ი: მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ ხიდაშელი უწყებაში მოშაობდა. სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია. მისივე თქმით, არც ვატო ლებანიძე არ არის სუს-ის თანამშრომელი.

“სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა, – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ეს მაღალჩინოსანი თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელია.
ამასთან დაკავშირებით მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეც დაიბარეს, სადაც ის ცოტა ხნის წინ მივიდა.

თინა ხიდაშელის ძმა შსს-ში წუხელვე მივიდა. მიხეილ ხიდაშელს შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაიბარეს. მისი დაბარება იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ზვიად კუპრავამ გააკეთა. კუპრავა ამბობს, რომ ხიდაშელმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების სამსახური ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროვოკაციას და მის დაჭრას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....