“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციას ეხმაურება.
“ქვეყანას, იცით, რა ღუპავს? განურჩევლობა. ქვეყანას შუბლზე სინდისის ძარღვის გაწყვეტა ღუპავს: აი, ადამიანის უფლებების დამცველებად ტრანსფორმირებულ ზონდერებს რომ შეგვაგუეს, ეს ღუპავს ქვეყანას… მერე პარლამეტში “მთავარ ოპოზიციად” მოლაშვილის მწამებლებს რომ შეგვაგუეს, ეს ღუპავს ქვეყანას… მერე 9 წელი დაივიწყეთო, ამას რომ ჩაგვჩიჩინებდნენ… მურუსიძე და ჩინჩალაძე კრისტალურ პროფესიონალებად რომ დახატეს და მთელი სასამართლო სისტემა ჩააბარეს, ეს ღუპავს ქვეყანას… სერგო თეთრაძის ოჯახი სასამართლო პროცესებზე ნაცების დასაჯიჯგნად მარტო რომ დავტოვეთ, ეს ღუპავს ქვეყანას.
სამართალი რომ ვერ იპოვა ვერც ერთი მოკლულის ოჯახმა და ახლა სალარიძეც ამ ოჯახებს რომ შეემატა, ეს ღუპავს ქვეყანას. ხმების წართმევა და ყიდვა ღუპავს ქვეყანას… მარტო შენი თავი რომ გგონია მართალი და მთელი სამყარო- დამნაშავე, ეს ამპარტავნება ღუპავს ქვეყანას… ციხის კადრებზე რომ პირს აღებენ, ტყუილია, არავის აწამებდნენო და გავუტარეთ, ეს ღუპავს ქვეყანას. ის მწამებლები ახლა მიტინგზე რომ დგანან და სისტემის ნგრევაზე გელაპარაკებიან, ეს ღუპავს ქვეყანას… ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, “ქართულო ოცნებავ”, ეს ღუპავს ქვეყანას, მაგრამ არ დაგაღუპინებთ საქართველოს. ზაზა სალარიძესაც დავიხსნით, მისი შვილის მკვლელებსაც მივაგნებთ, მფარველებს- დავსჯით და “ოცნების” ზარდიაშვილებსაც ზედ მიგაყოლებთ. აღარ იქნება არაფრის გატარება და არავის დანდობა”, – წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.