პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით – “ნუ მომკლავ!” განახლდა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისთვის სოლიდარობის გამოსახატად, მოქალაქეები შეიკრიბნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს აქციის დისკრედიტირებას.
„მე ჩემი შვილის სულს არავის მივყიდი არასდროს, ჩვენი შვილის შვილები არ იყიდება არასდროს. ნუ ცდილობს მთავრობა და სუს-ი, რომ გააიგივოს ტრაგედია პოლიტიკურთან, ნუ მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემ უკან. ჩემ უკან პოლიტიკა არასდროს იდგმება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, სისტემა დღეს უნდა დაინგრეს. სარალიძე ამბობს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა გამოაცხადეს და მას დევნიან.
„ეს დღეებია, გაისმის, რომ მე თითქოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიას მივყიდე ჩემი შვილის სული, არ დავუშვებ ამას, მოვუწოდებ ქართველ ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიებს, დამიდექით გვერდში, რათა ამ უსამართლო ქვეყანაში სამართალს მივაღწიოთ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.