ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე: “მე თუ დავდგები ტრიბუნასთან და ვიყვირებ, ვიცი ამით ბევრს დავაფრთხობ”

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ხორავას საქესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი და რატომ (სხვადასხვა ადგილას რომ არ ვწერო ერთი და იგივე):

აქციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გასაგები და დროში სწრაფად შესრულებადი მოთხოვნები. ეს აქცია არის მოკლული ახალგაზრდის მამის აქცია და მას აქვს ერთადერთი მიზანი – დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ისინი ვინც მათ ხელს აფარებდა. ამიტომ აქციის მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა რომელსაც უპირველეს ყოვლისა ექნება ამ ადამიანის და შემდეგ ფართო საზოგადოების ნდობა.

ასეთი შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელშიც უმრავლესობა და თავმჯდომარის პოზიცია ექნება საპარლამენტო ოპოზიციას. ოპოზიციაში არ იგულისხმება პატრიოტთა ალიანსი, რადგან არ არის სანდო.

გასაგებია რომ პარლამენტში მყოფი სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართაც საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ მათ მინიმუმ ის მოტივაცია აქვთ რომ მაქსიმალურად გააშავონ ოცნება და ამის ხარჯზე მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები. ეს ნიშნავს რომ თუ რამე დამალა ოცნების პროკურატურამ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველაფრის სინათლის შუქზე გამოტანას. შეიძლება ტყუილებზეც წავიდნენ, მაგრამ ეგეც ატანადია ამ რეალობაში.

მეტი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ამ კომისიაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და სხდომები იყოს საჯარო.

რაც მთავარია და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ კომისიაში უნდა იყვნენ ზაზა სარალიძის ნდობით აღჭურვილი პირები. თუ ზაზა სარალიძე არ ენდობა კომისიის შემადგენლობას, ასეთ კომისიას აზრი არ აქვს. (ეს პრინციპი უნდა იყოს მომავალში პროკურატურის რეფორმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი – დაზარალებულს უნდა ჰქონდეს პროკურორად ნებისმიერი ადამიანის არჩევის უფლება. ნებისმიერის, ვისაც ენდობა).

აქციამ უნდა დადოს ეს შედეგი.

თუ აქციის მოთხოვნები ამ ეტაპზე იქნება უფრო ზოგადი (მაგ. სისტემის რეფორმა) ან უფრო პოლიტიკური (მაგ. მთავრობის გადაყენება) და გასცდება ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესს – კონკრეტული მკვლელების და ხელის დამფარებლების დასჯა – აქციაზე მოვა ნაკლები ადამიანი და შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღება. (ეს დაემართა 13 მაისის აქციას)

თუ აქცია დადებს ისეთ საგამოძიებო მექანიზმს საპარლამენტო კომისიის სახით რომელსაც ექნება მოკლული ახალგაზრდის მამის ნდობა, ეს საგამოძიებო კომისია დაშლის სისტემას (დაადგენს მკვლელების ვინაობას? დაადგენს ვინ აფარებდა ხელს? დაადგენს ვინ გაანადგურა მტკიცებულებები? და სხვა) – ანუ მიაღწევს უფრო ფართო მიზანსაც, ვიდრე კონკრეტული დამნაშავეების დასჯაა.

თუ ხელისუფლება უარს იტყვის ასეთი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე – მაშინ ყველასთვის, მათ შორის იმათთვისაც ვინც დღეს უფრთხის აქციაზე პოლიტიკურ მოთხოვნებს, გასაგები გახდება რომ სისტემა ჩადგა თავდაცვით რეჟიმში და არ აპირებს დათმობას. შესაბამისად, ბუნებრივად დადგება დღის წესრიგში სხვა, პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები (მაგ. მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები) და ასეთ შემთხვევაში ეს მოთხოვნები კი არ დააფრთხობს, არამედ, პირიქით, აქციაზე გამოიყვანს უფრო მეტ ადამიანს.

ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი სწორი და თანმიმდევრული გზა, რომელიც გაგვიყვანს შედეგზე.

თუ ამ ლოგიკას ეთანხმებით, მაშინ გასაგებია რომ ყველა ვინც დღეს ცდილობს გაუაზრებელი მოთხოვნები დააყენოს, აზიანებს აქციას და უსინდისოდ მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე (ცხადია, ეს არ ეხება ზაზა სარალიძეს).

და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკოსების აქტივობას:

არანაირი შინაარსი არ აქვს ჩემი აზრით ადამიანების გაკიცხვას იმის გამო რომ ისინი ერიდებიან პოლიტიკოსებთან და პარტიებთან აფილირებას. ერთი – ამის საკმარისი საფუძველი აქვთ; ორი – გაკიცხვით ისინი აზრს არ შეიცვლიან.

კი, მე თუ დავდგები ტრიბუნასთან და ვიყვირებ, ზუსტად ვიცი რომ ამით დავაფრთხობ ბევრს (მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე არ ვარ მაინცდამაინც ცუდი წარმოდგენის), ვინც სხვა შემთხვევაში გვერდით დაუდგებოდა ზაზა სარალიძეს. და არ მგონია ეგ მორალური საქციელი”- წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....