ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის მიმდინარე აქციებს. ამის შესახებ “დემოკრატიულ მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს.
ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ ისინი უნდა დაელოდონ რამდენად შეძლებს ხელისუფლება მოზარდების მკვლელობის საქმეზე სამართლიანობის აღდგენას.
„ჩვენი დღევანდელი შეკრების მთავარი ამოცანა იყო, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, როგორც მშობლებმა, როგორც ადამიანებმა და არავის მივცეთ საშუალება, პოლიტიკოსებს დაგვაბრალონ ამ უბედურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება…
ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პარტიები პოლიტიკურ ბრძოლაზე აცხადებენ უარს, ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, სამართლიანობა აღადგინოს, მაგრამ, თუ ეს არ მოხდება და ხელისუფლება არ დასჯის ადამიანებს, მერე ჩვენ ან ცალკე, ან ერთად დავიწყებთ ისეთი მოთხოვნების დაყენებას, როგორიცაა ხელისუფლების გადადგომა, გნებავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა,“-აცხადებს ბურჯანაძე.