ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანდრა რულოვსი ზაზა სარალიძესთან მხარდასაჭერად მივიდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მივიდა. რულოვსი არსებული ვითარებით დაინტერესდა და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას თანადგომა გამოუცხადა.

„ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან და მოსთხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....