ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება.
მისივე თქმით, მან პრეზიდენტს ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მისთვის ცნობილია.
“არ ვიცი როგორ შეუძლია დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ვერ გეტყვით რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს. ყველანაირად ეცდება, რომ მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება“, – განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, იგი პრეზიდენტთან ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, თუმცა საქმის უშუალო დეტალები პრეზიდენტმა მისგან პირველად მოისმინა.
კითხვაზე, როგორი იყო პრეზიდენტის რეაქცია მის მონათხრობზე, ზაზა სარალიძემ უპასუხა: „როგორც აქვს ნებისმიერ ადამიანს”.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს პირისპირ ერთ საათზე მეტხანს ხვდებოდა.