ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქო ხორავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ხორავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.

დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებულის წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის  გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა,  მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალაური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.

თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....