თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძეს მიმართავს და მოუწოდებს დღევანდელი აქცია თავად წარმართოს. ელისაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წევრები აქციას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ამიტომ დაუშვებელია, რომ შვილმკვდარი მამა, ვინმემ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
“დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს – ბატონო ზაზა, გთხოვთ დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად! გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების! გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთ პატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ.
ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგუწლრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა ?! ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ – ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით !” წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.