რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვენეტაძის, სუბელიანის გადადგომა ზვიად კუპრავამ მოითხოვა.
„მურუსიძე გადადგეს, მას მიჰყვეს ჩინჩალაძე, დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გადადგეს გვენეტაძე და მას მიჰყვეს კიდევ ერთი ჭანჭიკი სუბელიანი,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავას თქმით, ამ მოთხოვნების შესრულება აჩვენებს, რომ სისტემა მნიშვნელოვანწილად ჩამოიშალა.
ზვიად კუპრავამ კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ არ წამოაყენონ ახალი პირი პროკურორის თანამდებობაზე. კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძესთან ერთად შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იურისტებიც იქნებიან და სწორედ ისინი წარუდგენენ პარლამენტს შესაბამის კანდიდატს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.