სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით, აქცია გორშიც გაიმართა. სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებმა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების ახლობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და დროული და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. გორიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი ნოდარ სხირტლაძე გვაწვდის.
აქცია თეატრის ეზოში მოეწყო.
,,დღეს შვილმკვდარმა მამამ ზაზა სარალიძემ ითხოვა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავით. მე ვდგავარ შვილმკვდარი მამის გვერდით, რომელიც სამართლიანობის აღსრულებას ითხოვს“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი დვალშვილმა. ,,ჩვენი მოთხოვნაა, რომ დააკავონ რეალური დამნაშავეები და მოხდეს ამ საქმის რეალური, ობიექტური გამოძიება“, – გვითხრა კიდევ ერთმა მონაწილემ, ირმა ბუზიაშვილმა.
,,რაღაც გამოცდილება გვეუბნებოდა, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო პროცესები, მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივი აზრის შემზადება დაწყებული იყო ამ შედეგისთვის. არაუშავს, მიხარია, რომ დღეს ყველანი გამოვიდნენ, ერთად დგას ხალხი და დარწმუნებული ვარ ამ სოლიდარობით, ამ თანადგომით მივაღწევთ და დამნაშავეები დაისჯებიან“, -ამბობს იზო ჩუბინიძე.
უფრო მასშტაბიანი აქცია ერისთავის თეატრის ეზოში 19:30 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები საზოგადოებას, სამართლიანობის დასაცავად, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ კი თანამდებობიდან მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე