“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით აქამდე არ გამიკეთებია რაიმე კომენტარი
არ ვთვლიდი რომ საკმარისი ინფორმაცია მქონდა რაიმე შეფასების გასაკეთებლად
არც ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია შევაფასო რა მოხდა რეალურად იმ დღეს ხორავას ქუჩაზე
მაგრამ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, საკმარისი ინფორმაცია მაქვს იმის მისახვედრად რომ შეიძლება არსებულიყი მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი შესაძლო ვერსია:
1. პროკურატურა იმდენად არაკომპეტენტურია რომ საქმე უბრალოდ ვერ გამოიძია
2. პროკურატურა ხელს აფარებს ვიღაცას ან ვიღაცეებს, რაც ნიშნავს რომ რაზეც ზაზა სარალიძე საუბრობს ამდენი ხანია, არის სიმართლე
ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ უნდა დადგეს შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი
საქმე უნდა დაბრუნდეს გამოძიებაში და გამოძიების პროცესი წარიმართოს ისე რომ არც მოკლულის მამას და არც არავის არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი”, – წერს ჯაფარიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.