ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოლიძე: “მთავარმა პროკურორმა თითქმის კაპიტულაცია აღიარა “

მთავარ პროკურატურასთან, მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან თანაგრძნობის გამოსახატად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მივიდა. დოლიძის განცხადებით,  მთავარმა პროკურორმა თითქმის აღიარა კაპიტულაცია იმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ თქვა, რომ ახლა უნდა ჩამოიყვანოს უცხოელი პროკურორები. დოლიძის აზრით, ამით პროკურატურამ შეცდომაც აღიარა და  დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელები გარეთ არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....