ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს. მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა. ნათია სუხიაშვილმა ირაკლი შოთაძის შეთავაზება სარალიძეს კიდევ ერთხელ გადასცა, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ის შოთაძე კონკრეტულ პირებთან და მედიასთან ერთად შეხვდება.

ზაზა სარალიძის ეს მოთხოვნა მთავარი პროკურატურის წარმომადგენლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შოთაძე მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს.

„არავითარი დახურული სხდომა, მარტო მე არა და პლუს ჟურნალისტების თანდასწრებით,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....