ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირგვლიანი: “ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ”

მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. გირგვლიანის მამა  გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის უბედურებას სრულიად იზიარებს და მას საკუთარი ტავი ახსენდება, როდესაც მისი შვილი მოკლეს და სამართალს ვერ პოულობს.

“ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ.  ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირს. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა.

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად ვუთანაგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

წყარო: “კვირის პალიტრა”

იტვირთბა....