ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: “ნუ გვექნება ილუზია, რომ სირიის მიერ აღიარება ერთჯერადი აქტია და ამას გაგრძელება არ მოჰყვება”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებაში” ადამაშაულებს.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ქვეყნის უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური და არაეროვნული პოლიტიკის შედეგია ის, რაც ხდება დღეს აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით.

„ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ოღონდ გინების და გულზე მჯიხის კვრის გარეშე. ნუ გვექნება ილუზია, რომ სირიის მიერ აღიარება ერთჯერადი აქტია და ამას გაგრძელება არ მოჰყვება. ჯერ კიდევ 6 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მას იმაზე კი არ უნდა ეფიქრა როგორ გადაერჩინა საკუთარი მილიარდები, არამედ, ეფიქრა ქვეყანა, როგორ უნდა გადაერჩინა და დროებით დაკარგული ტერიტორიები საბოლოოდ როგორ არ დაგვეკარგა. ამ ხელისუფლებას მაშინვე რომ დაეწყო ინტენსიური კონსულტაციები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, დღეს სირიის მხრიდან ამ სამწუხარო „აღიარებას“ არ მივიღებდით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

„შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში უნდა განლაგებულიყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მოჰყვა რუსეთს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის პირველი სერიოზული სტრატეგიული მოლაპარაკებები სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვა ერთიანი ჯარის სფეროში, შემდეგ მოჰყვა ამერიკული დროშების ფრიალი რუსული ე.წ. სამხედრო ბაზებიდან 500 მეტრში, ახლა დამოუკიდებლობის 100 წლისთავის მიძღვნილ აღლუმზე ამერიკული ჯარების გამოყვანა მოჰყვა, რის საპასუხოდ სირიის მხრიდან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება მივიღეთ. როდემდე უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ინტერესებს, როდემდე უნდა გავუკეთოთ პროვოცირება რუსეთს, მაშინ როდესაც შედეგად საქართველოსათვის უმძიმესი და მტკივნეული გადაწყვეტილებებია“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....