გერმანიაში გააქტიურდნენ საქართველოდან ჩასულების „ქურდული ბანდები“. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ყოველდღიური გაზეთი „ბილდი“ ავრცელებს. გამოცემა, რომელიც გერმანიის ყველაზე მაღალტირაჟიანი ტაბლოიდია, ამ თემაზე წერს 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “როდის შეაჩერებს პოლიტიკა ქართულ ქურდულ-ბანდებს?”
გამოცემა ეყრდნობა პოლიციისგან მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „საქართველოს მოქალაქეები არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობენ ქურდობასთან დაკავშირებული დანაშაულების სფეროში“. სტატიაში ნათქვამია, რომ კანონი „უადვილებს“ ქართველ ბოროტმოქმედებს გერმანიაში ქურდობას: 2017 წლის მარტიდან მათ შეუძლიათ ვიზის გარეშე ჩავიდნენ და 90 დღით დარჩნენ გერმანიაში. ამ პერიოდში მათ შეაქვთ განაცხადი თავშესაფრის მიღების თხოვნით, რათა გერმანიაში ყოფნა გაიხანგრძლივონ და „ნადავლი“ მოიპოვონ.
„ბილდის“ ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 2264-მა ქართველმა ითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. გაზეთთან საუბრისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, შტეფან მაიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოსათვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება, რათა შემცირდეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი და ბოლო მოეღოს თავშესაფრის თხოვნის უფლების კრიმინალური მიზნებისათვის გამოყენებას.