საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომ ჩვენთვის საინტერესოა საზოგადოებრივი აზრის თითოეული კვლევის შედეგები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, თუმცა უნდა ვთქვა ხაზგასმით, რომ შეფასების მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნები და ის მხარდაჭერა, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების გზითაც აფიქსირებს.
მისი თქმით, ასევე იყო გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„შესაბამისად, რეიტინგებს გაზომავს არჩევნები, რომლებიც არის შემოდგომაზე და შემდგომ საპარლამენტო არჩევნები. ასე, რომ დაველოდოთ არჩევნებს. ჩვენი საქმე არჩევნებამდე არის იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულება, რომლებიც მივეცით საზოგადოებას.
როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგთა სანდოობაზე, მე შემიძლია ეს შედეგები შევადარო არჩევნების შედეგებს თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს 27 პროცენტით პარტია „ქართული ოცნება“ დაიკავებდა, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17 პროცენტს, ხოლო „ევროპული საქართველო“ 7 პროცენტს აიღებდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი სია ასე გამოიყურება: „ლეიბორისტული პარტია – 5 %; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 3%; „ახალი საქართველო“ – 2%; „თავისუფალი დემოკრატები“ 1%; „გირჩი“-1%.