ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტს ეხმაურება:
“სირიის მთავრობის მიერ რუსეთვისთვის კოჭის გაგორების შემდეგ ქართულ ფეისბუკსივრცეში გაჩნდა აზრი, რომ ამის პასუხად ჩვენ სირიელი ლტოლვილები უნდა განვდევნოთ საქართველოდან.
მიუხედავად იმისა, რომ მე საზოგადოდ იმიგრაციის შეზღუდვის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ იმდენი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს, რომ სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილებს არ უნდა ვღებულობდეთ, ამ შემთხვევაში სირიელების განდევნის ან, მითუმეტეს, უკან სირიაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შემდეგი გარემოებების გამო:
1 – სირიის მოსახლეობა სამი ძირითადი ჯგუფისგან შედგება-სუნიტები, ქურთები და ალავიტები (შიიტებთან გაიგივებული, მაგრამ უფრო წარმართობასთან წილნაყარი სექტა),
2 – ასადი და მისი მთავრობა ალავიტური უმცირესობის აპარტეიდულ რეჟიმს წარმოადგენს და ძალიან ჰგავს აფხაზეთის სეპარატისტების აპარტეიდულ მთავრობას.
3 – სირიიდან ლტოლვილთა უმრავლესობა სწორედ სუნიტები და ქურთები არიან.
4 – თუ სუნიტებს და ქურთებს ქვეყნიდან განვდევნით, ან, მით უმეტეს, სირიის მთავრობას გადავცემთ, ასადს კი არ დავაზიანებთ, არამედ დიდ სამსახურს გავუწევთ
5 – დიდი ალბათობით, სირიაში მთავრობა მალე შეიცვლება და ახალი მთავრობა ასადის ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმდენს არ ,,მოვახერხებთ”, რომ სუნიტების და ქურთების კოალიციურ მთავრობას არანაირი სურვილი აღარ ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა.
6 – უბრალოდ მომლოდინე რეჟიმში ყოფნის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი არსებული საერთაშორისო განწყობა გამოიყენოს ასადის აპარტეიდული რეჟიმის მხილებისთვის და დასვას საკითხი აპარტეიდის წინააღმდეგ ისეთივე საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე, როგორიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებობდა!
სირიის მიმართ სანქციები აპარტეიდული რეჟიმის გამო საქართველოს იმისთვის კი არ სჭირდება, რომ სირიას შეუქმნას პრობლემები, არამედ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს, რომ არსებობენ რეჟიმები, სადაც უმცირესობა ჩაგრავს უმრავლესობას და არა პირიქით. ჩვენ გვაწყობს პრეცედენტის შექმნა აპარტეიდის რეჟიმის დაგმობისა, რაც ხელს შეუშლის აფხაზეთის აპარტეიდული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციას, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც სეპარატისტთა ემისრები დაძრწიან და ყვებიან გულისამაჩუყებელ ზღაპრებს იმის თაობაზე თუ როგორ ჩაგრავდა ქართული ურავლესობა აფხაზ უმცირესობას”.
შეგახსენებთ, დღეს სირიამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის.