სირია რუსეთის მეოთხე მოკავშირე ქვეყანა გახდა, რომელმაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
გავრცელებული ცნობით, სამმხრივი შეხვედრა ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. ელჩებსა და სირიელ დიპლომატს შორის მოსკოვში გაიმართა.
ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებას წერილობით გამოეხმაურა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მმართველი რაულ ხაჯიმბა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.
„ახალი მეგობარი ყველას სჭირდება – მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობების, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე აღმოჩნდნენ.
დიპლომატური ურთიერთობის დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის დარწმუნებული ვარ სირიელი და ოსი ხალხისთვის სასარგებლო იქნება. მზად ვართ დავამყაროთ მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები და განვავითაროთ ჰუმანიტარული თანამშრომლობა.
სირიის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებას”- აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.
სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
საგანგებო ბრიფინგი საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც სირიამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების პრინციპი, შესაბამისად საქართველო იწყებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს.
„ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდას,“-განაცხადა დონდუამ.