სურსათის ეროვნული სააგენტო რესტორან „იმერულ ეზოში“ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს. ინფორმაციას სურსათის სააგენტო ავრცელებს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ინსპექტორები უკვე იმყოფებიან ნატახტარში მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.
სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ამიტომ მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზს – 15 01.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხრა ადამიანი ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოში“ მოიწამლა. მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ორ დღეში გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი კლინიკაში კონკრეტული ჩივილით მივიდა და მოწამვლის მიზეზად რესტორან „იმერული ეზოს“ კერძებს ასახელებდნენ.
რესტორნის წარმომადგენელი სატელეფონო საუბარში მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

