ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საჩხერეში მოსწავლის მშობელმა დამკვირვებელს სცემა

საჩხერეში, ჩიხის საჯარო სკოლაში მოსწავლის მშობელმა გამოსაშვები გამოცდების დამკვირვებელს სცემა. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.  ინფორმაცია გამოცემას შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება 126 ძალადობის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ჩიხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოშაძე იხსენებს, რომ ინციდენტი 23 მაისს მოხდა, როცა სკოლაში მათემატიკის საატესტატო გამოცდა მიმდინარეობდა.

“გამოცდაზე ბოლო ნაკადი, სამი ბავშვი შევიდა. გამოვიდა დამკვირვებელი და მითხრა, რომ ბავშვი ცუდად გახდა და ჩემგან რეაგირებას ელოდა. ოთახში შევედი და დავინახე მოსწავლე, რომელიც იატაკზე ეგდო. ბავშვს რეაგირება არ ჰქონდა”, – უყვება On.ge-ს ნინო გოშაძე.

დირექტორის თქმით, მან დასახმარებლად მასწავლებლებს დაუძახა და სასწრაფოშიც დარეკა.

“იმ ბავშვის დედა, რომელიც ცუდად გახდა, სკოლის ტერიტორიის გარეთ იმყოფებოდა. ხმაური გაიგონა. სკოლის დარაჯმა ვერ შეაჩერა და საგამოცდო ცენტრთან მოვიდა. მე ამ დროს ბავშვთან ვიყავი. მისი მშობელი მეთვალყურესთან მისულა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია”, – იხსენებს ნინო გოშაძე.

დირექტორის აზრით, მოსწავლის მშობელს ეგონა, რომ მისი შვილის ცუდად გახდომის მიზეზი დამკვირვებელი იყო.

“სინამდვილეში ცუდად გახდომის მიზეზი გამოცდის უარყოფითი შედეგი გახდა”, – განმარტა სკოლის დირექტორმა ნინო გოშაძემ.

იტვირთბა....