ზუგდიდში ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ და ბავშვი ხშირად დადიოდა ხოლმე მათ ოჯახში.
“ეს ბავში აქ ჭამდა და სვამდა. ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი აქვს. ჩვენ როგორც ვიცით, ცოლ-ქმარს ამ ბავშვის ოჯახისთვის სესხი ჰქონდა გამოტანილი და არ იხდიდა. იმ დღეს სწორედ ამის გასარკვევად იყო მისული. დედა სახლში არ დახვდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც თავისი შვილის კლასელია, ბაბუას ნებართვით წამოიყვანა. გოგონა მოიყვანა, დაბანა, აჭამა და აქ ბავშვებთან ეზოში თამაშობდა. გატაცებული რომ ყოფილიყო, აქ ყველას დასანახად მოიყვანდა?!”, – აცხადებენ მეზობლები.
აღნიშნულ საქმეზე ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.