ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახლა ბიძაჩემი მირზა სუბელიანი მოვა და დაალაგებს ყველაფერსო მითხრა მიხეილ კალანდიამ”: რა თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი ამ წუთებში იკითხება.

ზაზა სარალიძე სასამართლო დარბაზიდან სტატუსს აქვეყნებს და იმ დეტალებს აღწერს, რომელზეც ბრალდებული საუბრობს:

“ახლა ბიძაჩემი მირზა სუბელიანი მოვა და დაალაგებს ყველაფერსო მითხრა მიხეილ კალანდიამ. მოვიდა მირზა სუბელიანი,მივესალმე და მიხეილმა დაბლა ჩავიდეთო და ჩავედით. ნუ ნერვიულობ ბიძაჩემი ხო იცი რა მაგარი პროკურორიცაა და ყველაფერს მოაგვარებს მითხრა მიხეილმა. ამბობს ბრალდებული რომელიც ეს წუთია იკითხება.
ტფუი საქართველოს პროკურატურას. ტფუი ძალოვან სტრუქტურებს. ტფუი სახელმწიფოს რომელიც მკვლელებს იცავს.”- წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

იტვირთბა....