აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაქსების ქაოსი თბილისში: რას მოუტანს დედაქალაქს ახალი რეგულაცია

“მეტრონომი” თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ესაუბრა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომელიც თბილისში ტაქსების მოძრაობის რეგულირებას ეხება, საზოგადებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ჯერჯერობით პროცესი არ დაწყებულა. ამიტომ “მეტრონომმა” გადაწყვიტა გაერკვია, რასთან გვაქვს საქმე და რეალურად, რას მოუტანს ახალი ინიციატივა დედაქალაქს. შესაძლებელია თუ არა ქაოტური სიტუაცია ისე შეცვალოს პოზიტიურმა იდეამ, რომ დაზარალებული არავინ დარჩეს და თბილისის სატრანსპორტო კულტურაც შედარებით დაიხვეწოს.

“ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს”, – ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქის მასშტაბით, ამიტომ პირველ ეტაპზე ამის აღრიცხვა უნდა მოხდეს, დაწესდეს ლიცენზიის გაცემის წესი და მომდევნო წლებში ტაქსის ფერიც კი განისაზღვროს.

„როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, – განაცხადა კალაძემ.

სანამ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს დავუკავშირდებოდით, გადავწყვიტეთ მოქალაქეების აზრი გაგვეგო და პარალელურად ტაქსის მძღოლები გამოგვეკითხა.

ტაქსის მძღოლებით დავიწყეთ. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ნეგატიურად იყო განწყობილი. სამსახურის დაკარგვის შიშით, ისინი მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებით გაგებით მოეკიდნენ დედაქალაქის მერის ინიციატივას და “მეტრონომთან” არც ლიცენზიის აღების შიში გამოუმჟღავნებიათ.

“რატომაც არა, ზოგი ტაქსის მძღოლი ისე იქცევა, რომ არაა გასაშვები ქალაქში. აყროლებული სალონი და ისეთი ავტომანქანით დადის რომ კლიენტი შეიძლება ცუდად გახდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბევრმა ქუჩები არც იცის… ბევრი კლიენტი შემხვედრია ისეთი, რომელიც ამბობდა თუ როგორ დატანჯა მძღოლმა ქუჩა რომ არ იცოდა. ახლა წარმოიდგინეთ, ტურისტი რომ ჩაუჯდება და ასე აწვალოს, სირცხვილი არაა? ამ ტურისტებს კიდევ, რომ შეამჩნევენ რომ უცხოელია იმხელა თანხას თხოვენ, ჩვენი იმიჯი არაა? რას იტყვის ის კაცი რომ დაბრუნდება სახლში, ვინ ყოფილან ეს ქართველებიო, არ იტყვის?” – გვითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

ქუჩაში გამოკითხული უბრალო მოქალაქეების უმეტესობამ “მეტრონომთან” განაცხადა, რომ კალაძის ინიციატივა ურიგო არაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყურადღებას უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებში ხედავდნენ პრობლემას და სოლიდარობას უცხადებდნენ მათ, თითქმის ყველა პოზიტიურად განწყობილი აღმოჩნდა დედაქალაქის ხელმძღვანელის ინიციატივის მიმართ.

“ტაქსები ერთი ფერის იქნებაო. ეს ხომ გაალამაზებს ქალაქს?! ზოგს რომ ჩაუჯდები მანქანაში, ინატრებ ნეტავ ავტობუსით წავსულიყავიო. იქნებ მე არ ვეწევი სიგარეტს, მიბოხჩავებს ცხვირის წინ. ან მკითხოს, იქნებ არ მსიამოვნებს?! კულტურა არ აქვს ბევრს და ასეთებს რა უნდათ მძღოლად? მერე კიდე ზოგს რომ ჩაუჯდები ვინაა არ იცი, გეშინია კაცს… მაგრამ არის მეორეც, ძალიან ბევრი ადამიანი ტაქსაობით ირჩენს დღეს თავს, იმან რა ქნას? რაღაცა ისეთი გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომ ქალაქის ინტერესებიც იყოს დაცული და არც უმუშევარი დარჩეს ვინმე” – გვითხრა ერთმა ქალბატონმა, რომელიც “მეტრონომთან” საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა.

„მეტრონომი“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს დაუკავშირდა და შეეცადა ყველა იმ კითხვაზე მიეღო პასუხი, რაც დღეს საზოგადოებას კალაძის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით აღელვებს.

როგორც საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს, სულ მალე დედაქალაქში ტაქსის პრობლემა მოგვარდება, განისაზღვრება თუ რამდენი ტაქსი დადის ქალაქში და მგზავრობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული.

“მეტრონომი”: რამ გამოიწვია თბილისის მერიის ინიციატივა, ტაქსების შემცირებასთან დაკავშირებით?

მამუკა მუმლაძე: “ამ კითხვის შინაარს ვერ დავეთანხმები, რადგან ჩვენი ინიციატივა ტაქსების შემცირებას არ გულისხმობს. ჩვენი სურვილია, რომ ნებართვა ყველა ტაქსის მძღოლმა აიღოს და კლიენტს კომფორტულად და უსაფრთხოდ მოემსახუროს. მისი აღება ყველას შეეძლება მარტივი პროცედურით, სახლიდან გაუსვლელად. ტაქსის მძღოლს შეეძლება საკუთარი მობილურით ატვირთოს საკუთარი მონაცემები და ნებართვა მიიღოს.

შესაბამისად, შემცირება ნებართვის გაცემაზე დამოკიდებული არაა. ტაქსების რიცხვის კლებისა თუ მატების ტენდენციას მგზავრის მოთხოვნა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების დონე განაპირობებს. დედაქალაქში ამდენი ტაქსი რატომ მოძრაობს? იმიტომ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსების საკმარისი რაოდენობა გვყავს და თბილისელებს ჯეროვან სერვისს ვერ ვთავაზობთ. ხშირად, მგზავრი იძულებულია, რომ ავტობუსის ან მიკროავტობუსის ნაცვლად არჩევანი ტაქსზე შეაჩეროს.

დღესდღეობით მერია მუშაობს საზოგადოებრივი  ტრანსპორტის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე. უახლოესი 3 წლის განმავლობაში მერია 700 ავტობუსს შეისყიდის, რაც 144 „მანის“ მარკის ავტობუსთან ერთად, თბილისის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

თუმცა, სანამ ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ, მოქალაქეთა მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს ვიყენებთ: გასულ კვირას დედაქალაქის მთავრობამ  7 ახალი მარშრუტის ამოქმედებასა და 13 მარშრუტზე კი, ავტობუსების დამატებას დაუჭირა მხარი, რაც ძალიან მასშტაბური გადაწყვეტილება იყო. ამისთვის შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 25 ავტობუსის რეაბილიტაცია შეძლო და მათი მარშრუტებზე წლიური ექსპლუატაცია მერიას 4 მილიონი ლარი უჯდება. ასევე, მერია მეტროში ვაგონების განახლებასა და მატარებლებს შორის ინტერვალების შემცირებაზე  მუშაობს. ვაგონების დამატებით მგზავრების გადაყვანის რაოდენობა 400 000-მდე გაიზარდა და ვაპირებთ 500 000 -მდე გავზარდოთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ბევრად ხელმისაწვდომი და პოპულარული. აქედან გამოდინარე, ტაქსების რაოდენობის კლება შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამ გამოიწვიოს  და არა – ჩვენმა ჩარევამ. ტაქსი შემცირებაში მოყვება იმ შემთხვევაში, თუ  ტაქსისტი მგზავრს შესაბამის კომფორტსა და მომსახურებას ვერ შესთავაზებს, თუ სხვა ტაქსებთან ან საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს“.

“მეტრონომი”: როგორც ცნობილია, გაიმართება კონკურსი და შემდეგ ავტომანქანებმა უნდა გაიარონ შემოწმება. რა სახის შემოწმებაზეა საუბარი და იქნება თუ არა მძღოლებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი მსგავსი შემოწმების გავლა?

მამუკა მუმლაძე: “ტაქსებისთვის ნებართვის გაცემა კონკურის ჩატარებას არ ითვალისწინებს. მომავალი წლიდან ყველა ტიპის მანქანის მძღოლი და მათ შორის ტაქსის მფლობელებიც, ვალდებულნი არიან, რომ ავტომანქანებს ტექნიკური შემოწმება ჩაუტარონ”.

“მეტრონომი”: საჭირო იქნება თუ არა მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად დამატებითი ტრეინინგების ჩატარება, იზრუნებს  თუ არა ქალაქის მთავრობა მსგავს ინიციატივაზე და რა ფორმით?

მამუკა მუმლაძე: “მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით  კომპლექსური სამუშაობი აქვს დაგეგმილი. შესაძლოა, მძღოლებს ტრენინგები და გადამზადება მათი განხორციელების შემდეგ შევთავაზოთ. დროთა განმავლობაში შესაძლოა, ნებართვის გაცემის პროცედურაც უფრო დაიხვეწოს, რათა ტაქსის მომსახურება მგზავრისთვის იყოს უსაფრთხო, კომფორტული, სასიამოვნო და თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს.

“მეტრონომი”: დაახლოებით რამდენი ტაქსი მოემსახურება თბილისს ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ?

მამუკა მუმლაძე: “სამწუხაროდ, დღეს თბილისში არსებული ტაქსების რაოდენობა არავინ იცის. პირველადი ნებართვების გაცემა მათი აღრიცხვის საშუალებას მოგვცემს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე.  ეს მონაცემები ტაქსებითა და ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით თბილისის მომსახურების დაგეგმვაში დაგვეხმარება. ვიმეორებ, თბილისში იმდენი ტაქსი იმოძრავებს, რამდენზეც მგზავრის მოთხოვნა იქნება.

“მეტრონომი”: დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებულო და საჭირო იქნება შესაბამისი ლიცენზიის აღება. რა პროცედურები იქნება გასავლელი ლიცენზიის ასაღებად, გართულდება თუ არა პროცედურა და საჭირო იქნება თუ არა გარკვეული ფინანსები ლიცენზიის ასაღებად?

მამუკა მუმლაძე: “ტაქსი M1 კატეგორიას მიეკუთვნება და აქამდე მასზე არავითარი რეგულაცია არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტში შესაბამისი კანონი მიიღეს. თითმმართველობას დაევალა,  რომ მოამზადოს წესი, რომელშიც  ნებართვის გაცემის პროცედურა გაიწერება. ეს წესი თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. ნებართვების გაცემას აგვისტოდან დავიწყებთ და 1 ნოემბრიდან ვისაც ნებართვა არ ექნება, 200 ლარით დაჯარიმდება.

ნებართვის აღება საჭირო იქნება ერთჯერადად. პროცედურა იქნება ძალიან მარტივი და სიმბოლური თანხა ეღირება. ამ ეტაპზე მოთხოვნები იქნება ის, რომ ტაქსს ჰქონდეს ტაქსის ნიშანი და ეკიპკირება:  მანქანაში გამოკრული უნდა იყოს დოკუმენტი, საიდანაც მგზავრი მიიღებს ინფორმაციას მძღოლის ვინაობის შესახებ.

ტაქსის  მძღოლი უნებართვოდ საქმიანობას ვერ შეძლებს. ლიცენზიის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში, ტაქსი 200 ლარით დაჯარიმდება“.

“მეტრონომი”:  რა სახის გადასახადები დაწესდება ტაქსის მძღოლებისათვის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ და ვის დაქვემდებარებაში იქნებიან შერჩეული და ლიცენზიაგავლილი ტაქსის მძღოლები?

მამუკა მუმლაძე: “თვითმმართველობის წინაშე გადასახდელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნებართვის აღებისთვის აუცილებელი სიმბოლური თანხა. ისინი საქმიანობას იმ ფორმით განაგრძობენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბაზარი მგზავრობის ფასს თავად არეგულირებს და მძღოლი ტარიფს თავად აწესებს”.

“მეტრონომი”: ელით თუ არა, რომ ამ მართლაც კარგ ინიციატივას გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები და თუკი უმუშევრად დარჩენილ მძღოლების ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, ელით თუ არა,  რომ გაჩნდება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გარკვეული პროტესტი?

მამუკა მუმლაძე: “ვფიქრობ, საზოგადოება ამ რეგულაციას დადებითად შეხვდება, რადგან ჩვენ მოქალაქეების მოთხოვნებს ეტაპობრივად მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ მგზავრის გადაადგილების მარშუტი იყოს ბევრად კომფორტული და უსაფრთხო, ვიდრე აქამდე. ასევე, ტაქსებით მომსახურების სფერო უნდა იყოს დახვეწილი და მოწესრიგებული”.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მთავრობის ამ ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გადავწყვიტეთ ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც გაგვეგო, რომლებიც უშუალოდ საქალაქო ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, ტაქსებს ორმაგად მეტი მოეთხოვებათ გამართულობის და ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, სტატისტიკის გარეშეც კარგად ჩანს, თუ როგორი ტიპის ტაქსები მოძრაობენ თბილისში და რა დონისაა მომსახურება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელი სატრანსპორტო სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვალდებულებების შესრულება ეტაპობრივი და თანმიმდევრული უნდა იყოს.

საბოლოოდ, ჩვენ მოვიძიეთ ანალიტიკოსების დასკვნებიც. ანალიტიკოსი გიორგი იაკობაშვილი, თბილისის მერის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს და   რეგულაციების შემოღებას დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს. მისი თქმით, მთავარია აღნიშნული რეფორმა არ იქცეს კორუფციის ახალ წყაროდ, მძღოლებისგან ამოღებული გადასახადი კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს.

იაკობაშვილი თვლის, რომ ტაქსისტობა არ უნდა იყოს ორდღიანი პროფესია. მისი თქმით, თუ ადამიანისთვის ტაქსისტობა ძირითადი საქმიანობა იქნება, მაშინ ის დაინტერესებული იქნება გამოცდილება აიმაღლოს და ქალაქი უკეთესად შეისწავლოს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქართველოს მთავრობას ტექნიკური დათვალიერების შემოღებისთვის 3 წელი განესაზღვრა. შესაბამისად, ბოლო ვადა 2018 წლის სექტემბერია. ასე რომ, ტექ-დათვალიერებასთან ერთად, ტაქსების რეგულაციის შემოღებაც, ერთი შეხედვით დროული და მიზანშეწონილიც კი მოჩანს.

ავტორი: ანინა ზაბახიძე

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს – რატი ბრეგაძე

ვარკეთილში მანქანა დაიწვა

სტაჟიორი

“უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან” – კინზინგერი ღარიბაშვილს

“მადლობა გმირებს!“ – კანცელარიასთან მდუმარე აქცია გაიმართა

ცნობილია ექიმების მორიგი დასკვნა: სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია დაუდგინდა – “მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება”

„რომელი თქვენთაგანის შვილი მსახურობს არმიაში? რომელი იხდის ვალს ქვეყნის წინაშე?“ – ბადრი შელია საქართველოს მთავრობას