ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე შიო: ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, რაც ჩვენი ერისთვის შეურაცხმყოფელია

საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა. მეუფეს თქმით, ტელეკომპანიამ მკრეხელური გადაცემა გააკეთა. მისი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქცევა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას   შეურაცხყობას აყენებს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თქვენ იცით, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება, შეიძლება ამის სხვადასხვა მიზანი არსებობდეს. ეხლა შეიძლება, ამბიონი ამისი განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ერში არ უნდა ხდებოდეს.

ვინ ამას ფიქრობს და გეგმავს, იმან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას და მინდა მივმართო მათ: ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს, დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ.

იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, სწორედ ესეთი მკრეხელობებით და შეურაცხმყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრით ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ. და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ: ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, სად არიან ახლა? აი კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია უკვე, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ესე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა ეკლესია ცოცხალია, იმიტომ რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას, და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ამ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....